შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კომისიის ახალი შემადგენლობის სასწრაფოდ დამტკიცებას მოითხოვს. ის ამბობს, რომ სწორედ კომისიის წევრებმა უნდა იმსჯელონ კონკრეტულ მსჯავრდებულებზე და არა პრეზიდენტმა.
„პრეზიდენტმა კეთილი უნდა ინებოს და შეწყალების კომისია ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს. ავტომატურად უნდა მოხდეს იმ კრიტერიუმების ამოქმედება, რომლითაც ხდებოდა შეწყალების სიის დაკომპლექტება. უნდა მოხდეს გიორგობის შეწყალება, ან თუ არ შეუძლია, პრეზიდენტი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. თქვას, რომ არ შეუძლია და უნარი არ აქვს. რაც შეეხება კრიტერიუმების გადახედვას, კრიტერიუმებში სისხლი გავქვს ჩანთხეული“, - აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. ბრძანებულების პროექტი, შესაბამისი რეკომენდაციებისთვის, საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა იმსჯელეს. სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება დროულად მოხდება.