logo
ENG



სალომე სამადაშვილი: მათი დამოკიდებულება იყო ღლიცინი, კლოუნადა მოაწყო უმრავლესობამ

28 მაი 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მათი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პრემიერის სიტყვით გამოსვლა, ოპოზიციამ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ანტიკრიზისული გეგმის მორიგი პრეზენტაცია იყო. გახარიამ ისაუბრა უკვე გაკეთებულ საქმეებზე, თუმც არაფერი უთქვამს სამომავლო გეგმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის გზა ისევ არ აქვს. 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ გახარიას სიტყვით გამოსვლა კლოუნადა იყო და განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ქვეყანაში კორუფცია ისევ არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ სრულიად მიუღებელი ტონი, როგორც პრემიერისგან ასევე საპარლამენტო უმრავლესობისგან. იმ უკიდურესი კრიზისის ფონზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, მათი დამოკიდებულება იყო ღლიცინი, კლოუნადა მოაწყო უმრავლესობამ და მათმა ლიდერებმა, ასევე პრემიერმა.  ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად არის მოწყვეტილი ქართული ოცნება რეალობას, რამდენად შორს დგას ქართული ოცნების ელიტა ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ გადარჩენისთვის ემზადებიან. მთელი ატმოსფერო და განწყობა, რომლშიც მიმდინარეობდა ეს განხილვა, უბრალო ძალიან მძიმე სანახავი იყო ჩვენი ხალხისთვის, რომელიც უმძიმეს პირობებში არიან მიტოვებულები საკუთარი ხელისუფლებისგან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფი პირები არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ. მისივე თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, რომ კორუფცია „ქართულ-ჯიგრულია“ პირდაპირი სიგნალია, რომ ისინი უფრო მეტს მოიპარავენ და თავიანთი ნათესავების საკეთილდღეოდ გაამარჯვებინებენ ტენდერებში. 

„ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს და ვერც ნეპოტიზმს აღმოვფხვრით და ვერც კორუფციასო. შემდეგ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც უბრალოდ გამოგვიცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის და ეხლა ახალი სიმაღლეები დაიპყრო ბატონმა გახარიამ, როცა თქვა, რომ კორუფცია ქართულ-ჯიგრული ყოფილა. გიორგი გახარიას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ამას ისმენენ საჯარო მოხელეები, ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ხვალ უფრო მეტი მოიპარონ, მეტი ტენდერი მოიგონ მათმა ნათესავებმა კონკურენციის გარეშე. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ მთელი ქართული ეკონომიკიდან ის რაც შემორჩა, ბოლომდე ჩამოიშალოს“, - განაცხდა ირმა ნადირაშვილმა. 

პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ წარმომადგენლის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პრემიერის მისამართით დასმული კითხვები არ იყო პროფესიონალურად დასმული, შესაბამისად გიორგი გახარიამ სერიოზულ პასუხებს თავი აარიდა.

„კითხვები იმდენად არაპროფესიონალურად იყო დასმული, რომ პრემიერმა სერიოზულ პასუხებს თავი აარიდა. ეს უკვე უფრო მეტად ოპოზიციის პრობლემაა. გუშინდელი სხდომა ძალიან ჰგავდა ლაზღანდარობას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


close დახურვა