„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებისა და ჩიხში შესული პოლიტიკის შედეგია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია იმის დაჯერება, რომ მდინარაძემ პოსტი პირადი ინიციატივით დატოვა. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მას გარკვეული პირობები წაუყენეს და მოსალოდნელ საფრთხეებს გაერიდა.
„ივანიშვილი საკუთარ გამოზრდილ კლანებს ერთმანეთს აჭმევინებს, რომ თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული. მდინარაძე კობახიძის ყველაზე სანდო ლეიტენანტი იყო და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს — ალბათ მადლობელია, რომ ჯერჯერობით არ დაიჭირეს. ირაკლი ღარიბაშვილის წერილიც და მდინარაძის გადადგომაც ერთი დიდი პროცესის ნაწილია“, — განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ივანიშვილს კობახიძის ჩამოშორებაც მოუწევს, ხოლო ამ შიდადაპირისპირებების ფონზე საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან აბსოლუტურად მიტოვებულნი არიან.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს ტოვებს, პოლიტიკიდან მიდის და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში, კერძოდ ბიზნესში გეგმავს
