კონგრესმენების უმწვავეს კრიტიკას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. „ოცნების“ ოპონენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს სრულ საერთაშორისო იზოლაციას პროგნოზირებენ, იმ შემთხვევაში თუკი ის არსებულ კურსს არ შეცვლის.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს პარტნიორების მხრიდან სულ უფრო იზრდება წუხილი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, მათივე განცხადებით ამ წუხილს და შეშფოთებას აქვს პრაგმატული მოტივები, რადგან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედებები რუსეთს უწყობს ხელს, რაც აზიანებს არამხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ასევე აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებსაც.
„ყველა ეს ხალხი შეწუხებულია მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამო იმის თაობაზე თუ რა ხდება საქართველოში და კერძოდ, ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ეს ქვეყანა, რამაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ინტერესები, რომლესაც უკვე აზიანებს და მათი აზრით ამერიკის ინტერესები. წერილში რა ტერმინი იქნება ნახმარი არ ცვლის ბევრ არაფერს მთავარია ეს ტალღა, რომელიც ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას და თუ ის გააგრძელებს დღევანდელ ძალადობრივ კურსს და არ წავა იმ ნაბიჯზე, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა, აქ დაკარგავს ძალაუფლებას იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება ხოლო შემდეგ ექნება პრობლემები ყველგან თავისუფალ სამყაროში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდე ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი. მათი თქმით გარდა იმისა, რომ არსებობს ასეთი კონგრესმენების მხრიდან გამოგზავნილი კრიტიკული წერილები, მსგავსი წერილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოგზავნილია აშშ-ს სენატორების მხრიდანაც. სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს სენატორების ვინაობას თუ რომელმა სენატორმა გამოაგზავნა კრიტიკული წერილი. სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დღის ბოლომდე გაასაჯაროვონ ეს წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამ წერილს თვითონ გაასაჯაროებს.
„გარდა ამ წერილებისა საქართველოს ხელისუფლებას მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან. ჩვენ ეს კომუნიკაცია ხელთ გვაქვს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროვოს ეს კომუნიკაცია დღეს დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გავაკეთებთ ჩვენ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გაასაჯაროვებს თუ არა ამ წერილს ხელისუფლება ჯერ უცნობია რადგან საქართველოს პარტნიორების მხრიდან კრიტიკულ პოზიციაზე დღეს კომენტარი არც მთავრობის და არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ გაუკეთებიათ.