ხელისუფლება მიდის რუსეთის გზით - ასე აფასებენ ოპოზიციაში IRI-ის პრეზიდენტის პასუხს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის IRI-სა და NDI-ის აკრიტიკებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დენიელ ტვინინგმა საკუთარ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ მისი ქმედებები რუსეთის მმართველობას ჰგავს.
„IRI-ის პრეზიდენტმა შეახსენა ბიძინა ივანიშვილს, რომ მათ ინსტიტუტს ებრძვიან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი. რუსეთიდან ისინი საერთოდაც გააძევეს. ეს ორგანიზაციები ხელს უწყობენ დემოკრატიის განვითარებას და იმ მმართველებს, ვისაც არ სურთ დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში, მათთვის ისინი არიან მტრები. ეს განაცხადი არის ძალიან სერიოზული შეფასება", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, საზოგადოების არჩევანი არ არის მმართველობის რუსული სტილი, საქართველოს ხელისუფლების ვექტორი კი სწორედ რუსეთისკენაა მიმართული.
„ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯების აღქმა არის ისეთი, რომ მივდივართ რუსეთის გზით, ეს არის ცალსახა ამ განცხადებებში, ეს არის ცალსახა ევროპარლამენტარების განცხადებებში და ჩვენ არ გვინდა, რომ მივდიოდეთ რუსეთის გზით", - ამბობს სერგი კაპანაძე.
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე კი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ IRI-ის პრეზიდენტის განცხადებაც სწორედ ამაზე მიანიშნებს.
„ამ განცხადებით ივანიშვილი აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურად დაცილებულია რეალობას და არ ესმის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები, საით უნდა მიდიოდეს ჩვენი ქვეყანა, ან შეგნებულად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს. ორივე შემთხვევაში გამოსავალი არის ამ ხელისუფლების უსწრაფესად ჩამოშორება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი არსებული დამოკიდებულების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც. მისი თქმით, ეს დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობას არ სჯერა კანონზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების.
„ასეთი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორებისადმი გაცილებით მეტზე მიანიშნებს, ვიდრე საგარეო კურსი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სერიოზული ეჭვი აქვს, შეგვიძლია თუ არა კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო შევქმნათ“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების შესახებ IRI-ის პრეზიდენტის შეფასება მოჰყვა. მან განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ არადემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთსა და რუსეთში კეთდება.