ლელოს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეუძლია თქვას, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უდიერად საუბარი ბევრ ადამიანს შერცხვება.
ამის შესახებ სამადაშვილი Facebook-ზე წერს და იმედს გამოთქვამს, რომ ხვალ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტს საჯაროდ მიმართვის საშუალება მიეცემა.
"შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს უდიერად საუბრობს.
მძიმედ დასნეულებული და დაუძლურებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი, მეტი არაფერი.
ვერ წარმომიდგენია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაიმე სხვა დასკვნა გამოიტანოს, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ უცხოეთში", - აცხადებს ის.
დღეს სააკაშვილი მოინახულა მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემაც. შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი "ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში" დახვდა. როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს საუბარი უჭირდა და ლაპარაკისას რამდენჯერმე გაითიშა კიდეც.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ამასთან, 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.