logo
ENG



სამადაშვილი: მთავრობას არ მიაჩნია, რომ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული

25 თებ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

რეგლამენტის დარღვევის გამო, შესაძლოა, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. ამ ინიციატივისთ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მინისტრები, რომლებიც რეგლამენტს არღვევენ და საკანონმდელბლო ორგანოს მიმართ უპატივეცემულობას იჩენენ, ამ პოსტს არ უნდა იკავებდნენ.

საპარლამენტო ოპოზიცია იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას მიესალმება და მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ მაჭავარიანის იმპიჩმენტის პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მთავრობა პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული და ფაქტს რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის და არანაირი საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციები პარლამენტში არ არსებობს. მთავრობას არ მიაჩნია, რომ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორი იქნებოდა მსგავსი უხეში დარღვევის პირობებში დამდგარიყო პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს თუ დაიწყება იმპიჩმენტის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ოცნების" მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ როდესაც მმართველი პარტია ახლაი კონსტიტუციით თავს იწონებს, ასეთი გადაცდომები არ უნდა ჰქონდეს.

„ქართული ოცნება" თავს იწონებს ახალი კონსტიტუციით და ისინი გვევლინებიან ყველაზე პირველ დამრღვევად ახალი რეგლამენტისა და კონსტიტუციის. აუცილებელია კონკრეტულმა მინისტრებმა, რომლებიც უხეშად არღვევენ კანონს, ამასთან დაკავშირებით პასუხი აგონ. თუ დადგება მსგავსი საკითხი, ევროპული საქართველო მიესალმება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის თქმით კი, მაჭავარიანის საქციელის გამო, თავად უმრავლესობის წევრები უნდა გრძნობდნენ დისკომფორტს.

„უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის უმრავლესობის გადასაწყვეტი. იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი თავის უგულებელყოფას, ასევე უმრავლესობაც უნდა გრძნობდეს ამას. ჩვენ ყველანი ვართ პარლამენტის წევრები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს, თუმცა მან დილით კომიტეტის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა. დღის წესრიგით, მინისტრს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

ამავდროულად, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს მინისტრის იმპიჩმენტის დაწყევის საფუძველი.

 


close დახურვა