logo
ENG



სამადაშვილი: ოცნებას ილუზია გაუჩნდა, რომ პანდემიის გამოყენებით შეუძლიათ პოლიტიკურად აღდგნენ

30 მაი 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება ჩიხში შევიდა - ასე აფასებს ოპოზიცია პრემიერმინისტრის აგრესიულ რიტორიკას ოპონენტების მიმართ. მათი აზრით, მმართველი გუნდი პოლიტიკურად წაგებიან ვითარებაშია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გახარიას განცხადებები ფასადურია და ამ გზით პრემიერი პარტიის შიგნით არსებული კრიზისის გადაფარვას ცდილობს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი განადგურებულია.

„ქართულ ოცნებას მცდარი ილუზია გაუჩნდა, რომ პანდემია შეუძლია გამოიყენოს იმისთვის, რომ აღდგნენ პოლიტიკურად. ისინი, ფაქტობრივად, განადგურდნენ. ჯერ წლების განმავლობაში დასუსტდნენ და ბოლოს 20 ივნისმა საბოლოოდ გაანადგურა. ეს არის ძალიან ფუჭი მოლოდინი. თვითონაც იციან და სწორედ ამიტომ არის მათი ტონი აგრესიული. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერი 2 დღე იყო პარლამენტში და ფაქტობრივად, ვერც ერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა. ბოლოს ოპოზიციის შეურაცხყოფასა და თავდასხმაზე გადავიდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ აბესაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ერთადერთი იმედი ამომრჩევლის მოსყიდვაა, მაგრამ ესეც არ იქნება არჩევნებში მოსაგებად საკმარისი.

„მათი ეს ოპტიმიზმი მხოლოდამხოლოდ ფასადია და ამ ფასადის მიღმა ჩვენ გვყავს შეშინებული ხელისუფლება. არანაირი ნდობა ქართველ ამომრჩეველს მათ მიმართ არ აქვს და ეს არაერთხელ დამტკიცდა და მათი სიტყვის ფასი ნულია. ამ კრიზისის პირობებში მთელი რიგი დაპირებები გაკეთდა, რაც იმგვარად არ შესრულდა, რაზედაც დაპირებები კეთდებოდა. ამ პირობებში, ხელისუფლების ერთადერთი იმედი შეიძლება იყოს, რომ ამომრჩეველი მოისყიდოს, მაგრამ იმხელა უფსკრულია ხელისუფლებასა და ამომრჩევლების ინტერესებს შორის, რომ დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე ეს საკმარისი არ იქნება“, - განაცხადა აბესაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია და ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

„უკიდურეს შეშფოთებას ვხედავ, აბა რა წივილ-კივილი ატეხეს. ჯერ ერთი, პროპორციული არჩევნები რატომ წაიღეს უკან თუ ასე ყოჩაღები იყვნენ? შემდეგ რატომ მოუწიათ დათანხმება ცვლილებებზე თუ ასეთი ყოჩაღები იყვნენ და შეეძლოთ ოპოზიციის მოთხოვნებს გამკალვებოდნენ? შემდეგ 8 მარტის შესათანხმებაზე რატომ ატეხეს აურზაური? ოპტიმისტურად არ არიან განწყობილები. თვლიან, რომ კორონათი უკიდურესად შეწუხებული მოსახლეობა მთავრობაზე იქნება ჩამოკიდებული, რადგან მთავრობამ უნდა მიაწოდოს მათ დახმარება და ამაზე აკეთებენ აპელირებას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პრემიერი ბოლო 4 დღეში პარლამენტში ორჯერ იყო - ერთხელ მთავრობის ანგარიშის წარდგენისას, ხოლო მეორეჯერ ინტერპელაციის წესით - ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა პარლამენტში.

გახარიას გამოსვლამ პარლამენტში ცხარე დებატები გამოიწვია. 


close დახურვა