„რუსეთთან დათმობის პოლიტიკა მიმდინარეობს, რათა მასთან ურთიერთობები არ დაიძაბოს,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, დათმობის პოლიტიკით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ზარალდება.
დეპუტატი აცხადებს, რომ თუ რუსეთი საერთშორისო ასპარეზზე პოლიტიკური ფასის გადახდას არ დაიწყებს, მაშინ ვითარება იგივე დარჩება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი წელია მიმდინარეობს დათმობის პოლიტიკა, რუსეთთან იმ კონტექსტში, რომ არ დაიძაბოს რუსეთთან ურთიერთობები და შედეგი არის ის, რომ მიტოვებული რჩებიან ჩვენი მოქალაქეები, რომლის უფლებებსაც სახელმწიფო შესაბამისად ვერ იცავს. თუ ჩვენ ამ საქმეების გამო არ შევძელით ის, რომ რუსეთმა პოლიტიკური ფასის გადახდა დაიწყოს საერთშორისო ასპარეზზე, მაშინ გაგრძელდება ის ვითარება რაც არის. არაფერი არ ხდება, არავინ არ ლობირებს რუსეთისთვის სანქციების დაკისრების საკითხს საერთაშორისო ასპარეზზე. შედეგი დგება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად არიან დარტყმის ქვეშ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისგან.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით კი, საოკუპაციო რეჟიმი უკვე ძალიან დიდი ხანია თავისი მიზნებისთვის იქ მცხოვრები ადამიანების ბედს იყენებს, სპეკულირებს მათი ბედით და გამშვები პუნქტების ჩაკეტვით ემუქრება.
„სერიოზული პრობლემა არის იმიტომ, რომ საოკუპაციო რეჟიმი უკვე ძალიან დიდი ხანია თავისი მიზნებისთვის იქ მცხოვრები ადამიანების ბედს იყენებს, სპეკულირებს მათი ბედით, ემუქრება მათ გამშვები პუნქტების ჩაკეტვით. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ სტრატეგიაც არ ჩანს და მეორეს მხრივ ასეთი ჰუმანიტარული საკითხები ვერ მოხვდა საერთაშოროსო დღის წესრიგში, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ ვართ რეაგირების რეჯიმში და ახლაც ვიქნებით რეაგირების რეჟიმში თუ პერევის გამშვები პუნქტი ჩაიკეტება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
საოკუპაციო ძალებმა სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი შესაძლოა უახლოეს დღეებში ჩაკეტონ. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორის რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს. როგორც ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეძლონ.