logo
ENG



სამადაშვილი: უახლოეს დღეებში ვითხოვთ აბაშიძის დაბარებას პარლამენტში

02 თებ 202311:11
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პარტია ლელო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აბაშიძემ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა პროექტებზე საუბრობდნენ ის და კარასინი.

"ჩვენი მოთხოვნაა, დაიბარონ აბაშიძე სასწრაფოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე პარლამენტში და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების ჩაშლას, ყველა ეს დავალება, ცხადია, სრულდება ზედმიწევნით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და უნდა ვიგულისხმოთ, რომ სხვა დავალებებიც, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ამიტომ ვითხოვთ აბაშიძის დაბარებას საქართველოს პარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე უახლოეს დღეებში"- თქვა სამადაშვილმა.

გუშინ გავრცელებული კარასინი-აბაშიძის საუბრიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.

აბაშიძემ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მისი ნამდვილობა დაადასტურა. 

"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - ამ სათაურით იუთუბ არხ კიბერ კმარაზე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. 


close დახურვა