ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ეგზიტპოლის მიხედვით, ენმ-ის გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ პირველივე ტურში გაიმარჯვა და ხელისუფლება ახლა "ისტერიკის რეჟიმშია".
"ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა პირველივე ტურში, უკვე რაც არსებობს წინასწარი მონაცემები. ყოველ შემთხვევაში ეგზიტპოლები ასეთ შედეგს აჩვენებს და შესაბამისად ხედავთ რომ სრულ ისტერიკის რეჟიმშია გადასული ხელისუფლება.
რეალურად ცდილობენ, რომ ჩაშალონ არჩევნები ამ კონკრეტულ უბნებში, იმიტომ რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ გუშინ აქ თავად ბიძნა ივანიშვილი ესტუმრა გლდანელებს და სთხოვა მათი კანდიდატურის მხარდაჭერა",-თქვა სამადაშვილმა.
გლდანში, 79-ე და მე-80 საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. უცნობია, რას მოჰყვა დაპირისპირების ესკალაცია.
აღსანიშნავია, რომ გლდანის საარჩევნო უბნებთან დილიდან მობილიზებულები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, პროვოკაციებში კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.
დღეს გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.
მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთ უბანზე სხვადასხვა დარღვევა ვლინდება. შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გამოძიებაც დაიწყო.
დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.