"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის დამფინანსებელს, როგორც ჩანს, საკუთარი ხედვები აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ვაშაძემ პოლიტიკური საქმიანობა. ასე ეხმაურება სამადაშვილი ვაშაძის გაერთიანებიდან "ძალა ერთობაშია" გასვლასა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვის გულისხმობს ვაშაძის დამფინანსებელში, სამადაშვილი პასუხობს, რომ "როგორც მისთვის არის ცნობილი, ვანო ჩხარტიშვილია გიორგი ვაშაძის პოლიტიკური საქმიანობის აქტიური ხელშემწყობი".
"მის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ბატონმა ვაშაძემ პოლიტიკური საქმიანობა... ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვანო ჩხარტიშვილი არის აქტიური ხელშემწყობი ბატონი ვაშაძის პოლიტიკური საქმიანობის", - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებაში რჩება და "მათი დანაკარგია, ვინც გადაწყვიტა, რომ ერთიან ფორმატში მონაწილეობა არ მიიღოს".
"ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს.