logo
ENG



სამადაშვილი ზალკალიანს: ლავროვთან შეხვედრიდან დაცინული და მასხრად აგდებული წამოხვედით

17 ოქტ 201915:06
3 წუთის საკითხავი
 
5jnsuajwj0waxeq.jpg

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა თუ რის საფუძველზე მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის გადაწყვეტილება და იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული.

როგორც სამადაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ზალკალიანი ამ შეხვედრიდან "დაცინული და მასხრად აგდებული" წამოვიდა.

„ლავროვთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა მაქვს, პირველი უკავშირდება დინამიკას, ანუ როგორ იღებთ ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ გასული დღეების მანძილზე, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი საგარეო დოქტრინა აქვს, რომელიც მაგალითად გულისხმობს, რომ შავ ზღვაში არ არის ამერიკელების ადგილი, აფხაზეთი ნატო-ში უნდა გაცვალოს და ბევრი მსგავსი „სიბრძნე,“ რომელსაც ის კერძო საუბრებში უზიარებს ადამიანებს. მე მაინტერესებს, ლავროვთან შეხვედრის გადაწყვეტილებას რომ იღებდით, ბიძინა ივანიშვილს დაურეკეთ, ესაუბრეთ, მისგან მიიღეთ მითითება რომ შეხვედროდით? ეს საინტერესოა ჩვენთვის, რადგან ივანიშვილის პარლამენტში დაბარების შესაძლებლობა სამწუხაროდ არ გვაქვს, ამიტომ იძულებული ვართ შუამავლებს ვკითხოთ - რა იყო ბიძინა ივანიშვილის აზრი ლავროვთან შეხვედრაზე. რაც შეეხება იმას, რაც თქვით, რომ სიტუაცია დამძიმდა და ამიტომ გადაწყვიტეთ და გირჩიეს მეგობრებმა რომ აი, ლავროვს დაელაპარაკე, ბატონო დავით, თქვენ დიპლომატიურ სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და უხერხულია ამის განცხადება, რადგან ძალიან კარგად იცით, მსგავსი შეხვედრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე ხელშესახები გარღვევის მოლოდინია. ამის ნაცვლად შეხვედრიდან წამოხვედით დაცინული, მასხრად აგდებული და რაც მთავარია გითხრეს, რომ არანაირი განხილვა ოკუპაციის თემის რუსეთის მხრიდან არ იგეგმება, რადგან ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელსაც საქართველო უნდა შეეგუოს. ამის შემდეგ ბატონი აბაშიძე აცხადებს, რომ გაგრძელდება ეს შეხვედრები და თუ შეიძლება აგვიხსნათ ან რაზე ისაუბრეთ და ან რაზე უნდა გააგრძელოთ საუბარი," - აღნიშნა სამადაშვილმა.

 


close დახურვა