დღეს, 26 ოქტომბერს დაცვის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომელმა, საბა კუხალეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა დატოვა.
ენმ-ის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს ლექსო რაფავას. რაფავა ხობის პოლიციის ყოფილი უფროსია. ის ღიად უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს.
ლექსო რაფავას დასაკავებლად 21 ოქტომბერს სპეცოპერაცია ჩატარდა. ენმ-ის ინფორმაციით, მის სახლში სამართალდამცველები გვიან ღამით შევიდნენ და იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც ჩაუდეს.
21 ოქტომერსვე თბილისში დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი.
რაფავას დაკავების შემდეგ სისტემა არაერთმა სამართალდამცველმა დატოვა.
კერძოდ:
- გუშინ, 25 ოქტომბერს დღის ბოლოს გომელაურის უწყებაში დარჩენაზე უარი თქვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომელმა, რომან ანთიამ.
- ასევე, გუშინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მაირომა, გიორგი ბერიშვილმაც გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ვერ ხედავს საკუთარ თავს პოლიტიზებულ პოლიციაში.
- იგივე უთხრა ჟურნალისტებს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამაც.
- უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ, უკანონო ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა.
- სამსახურიდან წავიდა პატრულ-ინსპექტორი, ომარ არქანია.
გადადგომით სამართალდამცველები ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერიას აპროტესტებენ, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო.
ოპოზიციის განცხადებით, ქართული ოცნება იარაღის ჩადების მეთოდით უპირისპირდება იმ სამართალდამცველებს, ვინც ღიად უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას.