პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პირის მიმართ, რომელიც სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ადამიანებს უკავშირდებოდა, გამოგონილი სახელებით ეცნობოდა და აშშ-ში გამგზავრებაში, ასევე, ესტონეთისა და ლიტვის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებას ფულის სანაცვლოდ ჰპირდებოდა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა", - წერია განცხადებაში.