პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა და არაეფექტური გამოძიება - ამ საკითხზე სამართლის ლექტორი, გიორგი მუმლაძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ფორმულასთან" საუბრისას მუმლაძე განმარტავს, 31 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველები მას არაადამიანურად მოეპყრნენ.
ლექტორი ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, არც სახელმწიფო ინსპექტორის და არც სხვა უწყების მხრიდან საქმეს გამოხმაურება არ მოჰყოლია.
მუმლაძე ამბობს, რომ ინსპექტორის სამსახური პროკურატურის კონტროლის ქვეშაა მოქცეული. მისივე მტკიცებით, დღემდე არ არსებობს ექსპერტიზის პასუხები, რომელიც თვე ნახევრის წინ ჩაუტარდა.
"დღევანდელი პრესკონფერენცია შეეხება იმას თუ როგორ ერევა პროკურატურა, იმ ვითომ დამოუკიდებელ ინსპექტორის ინსტიტუტის სამსახურში. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომ მათი ოპონენტები გააჩუმონ და არ შექმნან ხმაური“, - განაცხადა მუმლაძემ.
