რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ოპოზიციაში აკრიტიკებენ.
პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველო მზადაა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს, მწვავე დისკუსია მოყვა. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი და რუსული ოკუპაცია მიუღებელია, ქვეყანამ დიპლომატიურ ეტიკეტს პატივი უნდა სცეს.
"ლავროვის შესაძლო ვიზიტი ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. პირველი - არ მოხდეს ევროპელი პარტნიორების გაღიზიანება და მეორე - როცა მთელი ევროპის კამერები მომართულია თბილისისკენ, ცივილიზებულ ევროპას უნდა ვუთხრათ მთავარი სათქმელი. ის, რომ ლავროვი და რუსული ოკუპაცია ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ დიპლომატიურ ეტიკეტს პატივს ვცემთ",-აცხადებს მარგველაშილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნა ქვეყნის სასიკეთოდ ვერ გამოიყენა. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხდებები ანტისახელმწიფოებრივია.
"უკრაინელი პატრიოტი დეპუტატების კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს პუტინის რუსეთს შეექმნას საერთაშორისო პრობლემა არამარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გამოც, მან პასუხად საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პასუხი რომ აღნიშნულს არ ეთანხმება. ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ, იქამდე ნათქვამი ნებისმიერი რამ აზრს კარგავს და კონტრპროდუქტიულია",-განმარტავს გიგა ბოკერია.
თავად მმართველ გუნდს კი ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტებების გაკეთება მოუწიათ. როგორც "ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, მსგავს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი გუნდი.
"მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს მხოლოდ ერთი ადამიანი. ეს საკითხი განიხილება ჩვენი ევროპელი მეგობრების ჩართულობით ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე",-აცხადებს ანრი ოახანაშვილი.