ოპოზიციის წარმომადგენლები ერეკლე კუხიანიძის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გალანძღვას უარყოფითად აფასებენ და გულისტკივილს გამოხატავენ. მათი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს მსგავს განცხადებებს, "ქართული ოცნების" დეპუტატი თუ სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მიუღებელი და არასწორია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ თემაზე ვრცლად არ საუბრობენ, რადგან უერთდებიან გაფრინდაშვილის ოჯახის თხოვნას და მხარდამჭერი აქციიდან საკითხს არ ეხებიან.
"დღეს ყველა ვაპროტესტებთ იმას, რომ ეს ღირსეული ადამიანი, რომელმაც გადალახა საოკუპაციო ხაზი, დღეს პატიმრობაშია. მისი საქციელი ათეულ წელს გაუძლებს, რადგან მან მიზანმიმართულად გადადგა ეს ნაბიჯი. ამიტომ მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ის სამარცხვინო განცხადება კი ოჯახის წევრების თხოვნას შევუერთდები და ვიტყვი, რომ აქედან ამ თემაზე არ ვისაუბრებ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ამბობს, როცა მსგავსი ტიპის განცხადება კეთდება, ეს გულსატკენია. რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯების ზოგადად, არაა საკმარისია. გუშინ დავინახეთ, რომ ივანიშვილს, რომელიც ხალხს მიმართავდა, არც კი უხსენებია ვაჟა ექიმის ამბავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცებისთვის აღნიშნული თემა მნიშვნელოვანი არაა", - აღნიშნა მოძრაობა "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ.
გიგი წერეთლის თქმით კი, „ოცნების“ დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება საშიშია და შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიღოს, ამიტომ მსგავსი კომენტარებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ერთიანი პოზიციითა და სულისკვეთებით კი დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.
"ის რაც გუშინ მოვისმინეთ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, ესაა ზუსტად ის, რაც უნდა ჩვენი ქვეყნის მტერს და მსგავსი პატიმრობებიც უფრო გაგრძელდება. ვაჟა გაფრინაშვილიც ზუსტად იმიტომაა იქ, რომ არ უწყობს ხელს ნეგატიური ფონის შექმნას. ამას სჭირდება უფრო ხმამაღალი განცხადებები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ამიტომ ერთიანობა მსგავს საკითხებში არის აუცილებელი და არა ის სამარცხვინო ამბავი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ესაა დაუშვებელი და მდაბიო საქციელი. რაც აქ ხდება, ეს უკვე ღირსეული საქციელია", - განმარტა გიგი წერეთელმა.