logo
ENG



სამედიცინო ასოციაცია: ექიმის დაკავება გაერო-ს ჰუმანიტარული ნორმის დარღვევაა

15 ნოე 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
sldlhskp7jdwhve.png

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის გაერო-ს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა.

"გვინდა მოვუწოდოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმმა წასვლის წინ სახლში მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ამის შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა. სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, რომ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - აცხადებენ ასოციაციაში. 

ფაქტს ასევე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. იგი აცხადებს, რომ უწყება ცვლილებებს დღის ბოლომდე ელოდება.

"საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკები კვლავ გრძელდება და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და ყველაზე შესაძლო არხის გამოყენება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. დღის ბოლომდე ველოდებით, რომ რაიმე ცვლილებები გვექნება", - განაცხადა გიგაურმა. 

 

 


close დახურვა