კახა კალაძის განცხადებით, სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჯარიმა გაეზრდებათ.
დედაქალაქის მერის თქმით, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკური პირი 5 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
იზრდება სამედიცინო ნარჩენებისთვის დაწესებული სანქციებიც - ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით.
„სამედიცინო და ინერტული ნარჩენები არის პრობლემა როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ვიზუალური თვალსაზრისით. ბევრი ჯარიმა გამოიწერა ამ კუთხით, მაგრამ დამრღვევებისთვის ეს ჯარიმები იყო შვება - უპრობლემოდ იხდიდნენ და გრძელდებოდა ნარჩენების დაყრა. შევიმუშავეთ საკანონმდებლო პაკეტი და გავუგზავნეთ პარლამენტს. მოხდა ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის გაიზარდა 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირის მიმართ - 10-ჯერ. სამედიცინო ნარჩენზე გაზრდილია სანქცია 10-ჯერ.
სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი, ნაცვლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი, ათასი ლარის ნაცვლად, 10 ათასი ლარით. სამშენებლო ნარჩენებისთვის ფიზიკური დაჯარიმდება 200 ლარის ნაცვლად 5000 ლარით, იურიდიული პირი კი 1500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 15 ათასი ლარით ", - განაცხადა კახა კალაძემ.