logo
ENG



სამედიცინო დაწესებულებები მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის მოსალოდნელ კრიზისზე აფრთხილებენ

13 ნოე 201920:41
3 წუთის საკითხავი
 
fgyai090xuneh5p.jpg

30-მდე სამედიცინო დაწესებულება მთავრობას ღია წერილით მიმართავს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსალოდნელ კრიზისზე აფრთხილებს. 5 ნოემბრის დადგენილებით ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა კლინიკისთვის სამედიცინო მომსახურების ერთიანი, მინიმალური ფასი დააწესა. კლინიკების დირექტორების განმარტებით, დადგენილი ტარიფები ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებია, რაც სამედიცინო მომსახურებას უკიდურესად გააუარესებს. 

ექიმები, რომლებიც ღია წერილს ხელს აწერენ, აცხადებენ, რომ სამინისტრომ ტარიფები კლინიკებთან კონსულტაციის გარეშე დაადგინა და 2011 წელს სამედიცინო მომსახურების საფასურით იხელმძღვანელა. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ გზით, ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროში ჩარევასა და მის გაკონტროლებას ცდილობს. 

ჯანდაცვის ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი გაკოტრებულია და სამინისტრო პროგრამის გადარჩენას ისევ პაციენტების ჯიბის ხარჯზე ცდილობს. სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ახალი გათანაბრებული ტარიფების ამოქმედებას კლინიკების დახურვა მოჰყვება, რაც ბაზარზე მონოპოლიის საფრთხეს გააჩენს. 

საპარლამენტო ოპოზიციაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კრახს პროგნოზირებენ. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს . ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. 

მმართველ გუნდში მზად არიან განიხილონ უკვე ხელმოწერილი დადგენილება და საჭიროების შემთხვევაში ტარიფებში ცვლილება შეიტანონ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ინდივიდუალური ტარიფების დროს კლინიკები პაციენტების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. 

ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვას თანხების დამატება სჭირდება. 2020 წლის ბიუჯეტით მისი დაფინანსება 754 მილიონი ლარია. ექიმების ღია წერილს ამ დრომდე არ პასუხობენ ჯანდაცვის სამინისტროში. „ფორმულას“ ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს უკვე მიღებული დადგენილება უკან გამოითხოვოს და ტარიფები ჩაასწოროს.

 


close დახურვა