logo
ENG



სამი პარტია: ხაშურში მომხდარი ქართული ოცნების მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია

28 ნოე 202211:12
3 წუთის საკითხავი
 

დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი-მეტი თავისუფლება ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ. მათი თქმით, ეს შემზარავი ძალადობა მმართველი პარტიის მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია.

"ამ და უკანასკნელ დღეებში მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრორუსულ ქართულ ოცნებას, რომლებმაც დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქციეს. დაუცველია ყველა - ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობრივი სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს. ძალადობა და ტყუილი ქართული ოცნების მმართველობის მთავარი ნიშნებია.

საზოგადოების დაყოფა, მუდმივი დაპირისპირება, შიშის დანერგვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში ძალადობრივ ატმოსფეროს ქმნის. თუკი ქართული ოცნების მმართველობის საწყის ეტაპზე სახელმწიფო ტერორი პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა, დღეს ძალადობრივმა გარემომ საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტში შეაღწია", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, "მოძალადე სახელმწიფოს" ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების სამიზნე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები - "ყველა, ვინც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, ვინც საფრთხეს უქმნის ქართული ოცნების ერთპიროვნულ მმართველობას".

"ძალადობრივ გარემოს ამძიმებს სახელმწიფოს შეთანხმება კრიმინალურ სამყაროსთან, რომლის თანახმადაც ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოდ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ძალადობრივ ზემოქმედებაში გამოიხატება, კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ პირებს უკანონო შეღავათები უწესდებათ. სახელმწიფო ქმნის და ხელს უწყობს პრორუსულ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელთა ამოცანა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე ძალადობაა.

აღნიშნულის შედეგია 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე ძალადობა, ასევე, 2021 წლის 5 ივლისს, პროკრემლისტური ჯგუფების მიერ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სერია, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით დასრულდა", - აღნიშნავენ ისინი.

სამი პარტიის თქმით, "სახელმწიფო უკანონოდ მფარველობს მისსავე შექმნილ ძალადობრივ ჯგუფებს", რაც მათი განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა. ისინი მიუთითებენ ევროკომისიის მოწოდებას ხელისუფლებისთვის, რომ დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ასევე, ეფექტიანად გაასამართლოს მათზე მოძალადეები და ძალადობის დამკვეთები.

"მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მათ შორის უკანასკნელ დღეებში მასმედიით გავრცელებული ძალადობის ტრაგიკული ფაქტები, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ატმოსფეროს შედეგია. სამწუხაროდ, შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტებზე იზოლირებული რეაგირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დაკავებულების ადვოკატის ცნობით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე კრიტიკულ მედიას თავს დაესხა და მონაზონზე ძალადობისთვის ფონის შექმნა დააბრალა მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

საპატრიარქო ცხუმის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმას, რომლის შესახებ საზოგადოებამ 26 ნოემბერს შეიტყო, ოფიციალურად გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში "უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების" საჭიროებასთან ერთად, საპატრიარქო მედიას ესხმის თავს და ამ კონტექსტში "ამორალურობასა და დაუნდობლობაზე" საუბრობს.

მომხდარის მედიისთვის დაბრალება დაგმეს ომბუდსმენმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს. 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია". 

პარტია დროა აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას. 

გირჩი - მეტი თავისუფლების თქმით კი, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხაშურის მონასტერში მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი. 


close დახურვა