გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. უწყებაში ამბობენ, რომ იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები.
"ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვე-ნახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს", - აცხადებენ სამინისტროში.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები იწურება.
როგორც სილაგავამ ბიზნეს ფორმულას განუცხადა, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა, რაც პრობლემებს იწვევს. სილაგავა ამბობს, რომ ეს ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვამ განაპირობა, რადგან რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი შემოიღო. აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება უკვე აისახა პურის ფასზეც.