logo
ENG



სამინისტრო: საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას

17 მარ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი. საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც", - ნათქვამია განცხადებაში.

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იქნება, რომელსაც უცხოეთიდან ჩეჩნეთში ტვირთბრუნვის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ხუჩიევის თქმით, ამ გზის მშენებლობა 90–იან წლებში დაიწყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეწყდა.

მისივე თქმით 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა თქვა, რომ მისი განხორციელება ჯერ არ იგეგმებოდა.

 

close დახურვა