logo
ENG



სამნიძე: პარლამენტში არ შევდივართ, თუ არ შედის ნაციონალური მოძრაობა

11 დეკ 202012:56
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/11/geurqxsjhs739uw.png

რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მიმართვის გადავადება პარლამენტში მისი და კორძაიას შესვლას არ ნიშნავს. სამნიძე ამბობს, რომ ენმ - ძალა ერთობაშიას ერთობლივი გადაწყვეტილების გარეშე რესპუბლიკური პარტია პარლამენტში არ შევა. 

"თუ არ არის პარლამენტში ენმ – ძალა ერთობაშია, იქ არ არის რესპუბლიკური პარტია, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, ეს წერია განცხადების პირველ აბზაცში. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, თუ იქ არ შედის ბლოკი ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს სამნიძე. 

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში კორძაია და სამნიძე წერდნენ, რომ მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე არ მიმართავდნენ. 

რესპუბლიკელების განცხადებამ ბლოკის სხვა წარმომადგენლების მწვავე შეფასებებიც კი გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები ალეკო ელისაშილის გზას დაადგნენ. 

ხაბეიშვილისგან განსხვავებით, პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკელები პარლამენტში არ შევლენ. 

სამნიძე კი განმარტავს, რომ მანდატების გაუქმებაზე წინმსწრებად პარლამენტს მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობის გამო არ მიმართავს. ასე ახსნეს რესპუბლიკელებმა საკუთარი გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც. 

"რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, მოქალაქეების გარდა ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია მანდატების გაუქმებასა და სიის დახურვაზე პარლამენტს 14 დეკემბერს მიმართავს. პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

მოლაპარაკებების 4 რაუნდის გამართვის შემდეგ, პარტიების უმეტესობას მიაჩნია, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ. 

პროტესტის დემონსტრირებისთვის დღეს, ერთპარტიული პარლამენტის პირველად შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მანდატების გაუქმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. 


close დახურვა