logo
ENG



სამნიძე: სააკაშვილის მიმართ სოლიდარულები ვართ, 14 ოქტომბრის აქციას არ ვუერთდებით

12 ოქტ 202115:04
3 წუთის საკითხავი
clock 1555
სამნიძე: სააკაშვილის მიმართ სოლიდარულები ვართ, 14 ოქტომბრის აქციას არ ვუერთდებით
ვახო ქარელი/ფორმულა

რესპუბლიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება, თუმცა, მის მიმართ სოლიდარულია. 

ამის შესახებ განცხადება ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

14 ოქტომბრის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ბრალდებებია, რაც უკავშირდება მის მმართველობას, ახლა ის პოლიტიკური პატიმარია ქართული ოცნების და ეს არის რევანში ქართული ოცნებისგან. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციებს, ამ აქციებს რესპუბლიკური პარტია არ უერთდება". - თქვა ხათუნა სამნიძემ

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ოპოზიციური პარტიებიდან არც ლელო და ევროპული საქართველო შეუერთდება. ორივე პარტია სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მათი განმარტებით ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე უარს პარტიულობის გამო ამბობენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.  

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. 

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის. 

 

close დახურვა