logo
ENG



სამნიძე: უბარიერო პროპორციულს ხმას მივცემთ, თუმცა პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ

10 თებ 202116:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/10/euh7248rafrs2eg.png

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ.

როგორც მან TV პირველის ეთერში განმარტა, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას იმისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი".

სამნიძე აქვე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება და კვლავ თანახმაა, მათ მანდატები გაუუქმონ.

"როცა გვესმის მეორე მხრიდან, რომ ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მათ მივმართო, რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.

თუ ის [ხელისუფლება] ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ჩვენ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები, მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა", - თქვა სამნიძემ.

ის აქვე ამატებს: "დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კოლეგები გაითვალისწინებ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ ქართულ ოცნებას უნდა შევუტიოთ".

სამნიძე აცხადებს, რომ პარტნიორებმა ამის შესახებ იციან და ამ საკითხზე დისკუსია უნდა გაიშალოს. 

მამუკა მდინარაძემ გუშინ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. ამ ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა გირჩის პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, საკმარისი ხმა ვერ გროვდება. 


close დახურვა