რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის დატოვება კარგი ნაბიჯი არაა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"მე ვლაპარაკობ რესპუბლიკური პარტიის სახელით, რა თქმა უნდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ყველა ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ, რას რა მოჰყვება. მაგრამ ისინი, ვინც ამას კარგ ნაბიჯად თვლის, მაშინ უნდა ვკითხოთ, რა არის მეორე ნაბიჯი. მე ჯერ არ მომისმენია", - აღნიშნა სამნიძემ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.