მოძრაობა „გაბედესა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს 41 ვერცხლის მონეტა მიუტანეს. აქტივისტებმა სოფო კილაძეს ოფისში მიაკითხეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი სტატუსი და ვალდებულებები შეახსენეს. აქტივისტებს არ დავიწყებიათ წინა დღეების გამოცდილება , როდესაც მათ „ქართული ოცნების“ აგრესიული მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამიტომაც დღევანდელი აქციისთვის ჩაფხუტები მოიმარაგეს. ოფისში მისულებს ადგილზე არც პროვოკატორები დახვდნენ და არც დეპუტატი. სოფო კილაძემ მათ პარლამენტის შენობიდან უპასუხა.
აქცია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც. რუსული აბრევიატურით საპროტესტო პლაკატები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა „შეცვალეს" და „ქვეყნის სამსახურშის" წევრებმა მიიტანეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ფორმით პოლიციას უთხრეს - სირცხვილია, რომ პოლიცია არ რეაგირებს „ქართული ოცნების“ მომხრეთა ძალადობრივ ჯგუფების ქმედებებზე. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს მიუთითეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დავალებების შესრულებით ქართული პოლიცია რუსულ მილიციას ემსგავსება, რომელიც დღემდე საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს.
ხმაური იყო დღეს ბათუმის მერიის შენობასთან, სადაც სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა აქ პარლამენტის დეპუტატს მუხრან ვახტანგაძეს მიაკითხეს და პროტესტის ნიშნად მერიის შენობაზე სტიკერები, წარწერით „მონა“ გააკრეს.
მმართველი გუნდი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს. გიორგი გახარიას მთავრობის წევრები უკვე რამდენიმე კვირაა რიტორიკას არ ცვლიან და სამოქალაქო აქტივისტებს დესტრუქციული ოპოზიციის მიერ მართულ ძალად მოიხსენიებენ და ისევ ემუქრებიან.
მუქარის მიუხედავად სამოქალაქო აქტივისტები გაჩერებას არ აპირებენ და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია 6 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება.