logo
ENG



სამშენებლო ამნისტია: 2024 წლამდე ლიცენზიის გარეშე აშენებულ სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ

20 ნოე 202318:40
3 წუთის საკითხავი
 
სამშენებლო ამნისტია: 2024 წლამდე ლიცენზიის გარეშე აშენებულ სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ

2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა, ამნისტია გავრცელდება და მოქალაქეებს საკუთრების დაკანონების შესაძლებლობა ექნებათ. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ეს ინიციატივა მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება და იმ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა, რომლებიც მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე აშენდება. რაც შეეხება იმ სახლებს, რომლებიც 1-ელი იანვრის შემდეგ აშენდება, მათ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას პროექტი აღარ ითვალისწინებს.

ბრეგაძის თქმით, საკუთრების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს ორი მეზობლის თანხმობა დასჭირდებათ იმაზე, რომ საცხოვრებელი სახლი აშენებულია 2024 წლის 1 იანვრამდე.

"საქართველოში მასიურადაა აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია, სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზიანია და ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულობით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში. გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება...

ამ პერიოდის [2024 წლის 1-ლი იანვრის] შემდგომ აშენებული საცხოვრებელი სახლები აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, ისინი ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში და ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიეწოდება. ეს არამხოლოდ ამნისტიაა, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა იყოს ნებართვა აღებული, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი და მხოლოდ ასეთ სახლებზე განხორციელდება რეგისტრაცია", - ამბობს რატი ბრეგაძე.

მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინება.

 


close დახურვა