logo
ENG



სამხედროზე ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე 3 ადამიანს ბრალი წაუყენეს

15 თებ 202421:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/ga3a0o6omfobsv2.jpg

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს.

"ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ.

სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.


close დახურვა