logo
ENG



სანამ რურუა პატიმრობაშია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ - კანდელაკი

17 ივნ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. პროცესს „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" კვლავ ბოიკოტს უცხადებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, სანამ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს და „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ ექნება.

„საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებული იყო 8 მარტს, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად. ეს შეთანხმება ამავე დროს ითვალისწინებდა რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას, საიდანაც ერთი, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცოტა ხნის წინ გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, სამწუხაროდ რჩება პატიმრობაში. უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან ამ ცვლილებებს არ ექნება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები კი განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ.

„იმისათვის, რომ ხალხის განწყობები იყოს პროპორციულად აღქმული არჩევნების შედეგად ხელისუფლების დონეზე, საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების წილის ზრდის თვალსაზრისით. ეს არის დღეს დამოუკიდებელი სიკეთე, ამიტომ არანაირ პირობას ჩვენ არ ვაყენებთ იმისათვის, რომ ეს სიკეთე იყო პოლიტიკურად რეალიზებული. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ეს არის ბოლო შანსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი ნდობა არ წაიშალოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


close დახურვა