logo
ENG



სანდრო ბრეგაძის თქმით, კახა კალაძე კოკა მორგოშიას ფინანსურად ეხმარება - სუს-ის ფაილები

15 სექ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/15/n97rhpaw5nzwkqw.jpg

სუს-ის ფაილების მიხედვით, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ლაპარაკში ამბობს, რომ კახა კალაძე ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას ფინანსურ დახმარებას უწევს. 

ბრეგაძისვე თქმით, თბილისის მერმა მორგოშიას ორჯერ უკანონოდ მისცა მშენებლობის ნებართვა. 

ასევე, სუს-ის ფაილების მიხედვით, სანდრო ბრეგაძის თქმით, მას აქვს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც გაასაჯაროვებს საჭირო დროს.

ფაილში წერია, რომ "ბრეგაძის განმარტებით, მან კალაძის ბიძაშვილისგან (ვინაობას არ აკონკრეტებს) შეიტყო, რომ კოტე მორგოშიამ "ქართული მარშის" სახელით, მასთან (ბრეგაძესთან) შეუთანხმებლად კახა კალაძეს შეუთვალა, რომ მიწის ფართობების გაყიდვის თაობაზე თუ არ სურს ქ.თბილისის მერიასთან აქციების მოწყობა, ფინანსურად დაეხმაროს ალტერნატივა საქართველოს რასაც კახა კალაძე დაეთანხმა.

დოკუმენტის მიხედვით, ბრეგაძისვე თქმით, კონსტანტინე მორგოშიამ ქართული მარშის სახელით დააშანტაჟა ბიზნესმენი დავით კოდუაც და გამოართვა 50 000 აშშ დოლარი.

იმავე ფაილების მიხედვით, ირკვევა, რომ 2020 წლის 5 მაისს დიმიტრი ლორთქიფანიძემ და სანდრო ბრეგაძემ განიხილეს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა. 

ჩანაწერების თანახმად, სანდრო ბრეგაძის თქმით, ორგანიზაცია ალტერნატივა საქართველოსთვის ხელმძღვანელის, კონსტანტინე მორგოშიას მოადგილე (არ აკონკრეტებს) არის მისი ინფორმატორი, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მორგოშიას და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს შედგენილი აქვთ მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნებში მათი ორგანიზაციის სახელით მონაწილე პირთა სია. 

სიის პირველ ნომრად, ჩანაწერების მიხედვით, იგეგმებოდა მარიამ კუბლაშვილის დასახელება, ხოლო თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს იყრის ეროვნული ძალების გაერთიანების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი.

"ხსენებულ სიაში ასევე იქნებიან - გიორგი ქარდავა, სოსო მანჯავიძე და ვინმე მახარაძე".

ჩანაწერების მიხედვით, ბრეგაძის თქმით, ხსენებული ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებს თბილისის მერი კახა კალაძე, ვინაიდან მერმა დახმარების მიზნით კონსტანტინე მორგოშიას უკვე გადასცა 300 000 დოლარი.

სუს-ი წერს, რომ სიების შესახებ ინფორმაცია უარყო დიმიტრი ლორთქიფანიძემ და განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, გ.ფალავანდიშვილი მ/წელს (2020) გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია ქართული იდეის დამფუძნებელ ლევან ჩაჩუასთან ერთად.

***

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა