არსებული ინფორმაციით, სანზონაში არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლეს. მას რამდენიმე ჭრილობა, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ფორმულას წყარო უყვება, რომ მოზარდს თავს 2 ადამიანი დაესხა. მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა, თუმცა მოტივი უცნობია.
ადგილობრივების თქმით, ქუჩაში ხმაური გაიგეს, გარეთ გასულებმა კი, უკვე დაჭრილი მოზარდი და მისი მეგობრები დაინახეს.
"გარბოდნენ ბავშვები. ჩხუბი აქ არ მომხდარა. საიდანღაც მორბოდნენ, ბევრნი იყვნენ. 15-16 წელს არ აღემატებოდნენ ალბათ. დავინახე, რომ მერე ერთ-ერთი ბავშვი დავარდა. არც ერთი ნაცნობი ბავშვი არ იყო. აქ არ ცხოვრობენ. მეზობლებმა გადაიყვანეს კლინიკაში. ჯიპში ჩასვეს. ყვიროდნენ, რომ აღარ სუნთქავსო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
არასრულწლოვანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს. ახლა ბიჭის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
სანზონაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მკვლელობა ლიახვის ქუჩაზე დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.