ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ძალოვან უწყებასთან პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართეს და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ითხოვეს. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა კი, ხელისუფლებისგან შეცდომის აღიარებას ითხოვს.
ხმაური და დაპირისპირება პროკურატურასთან მას შემდეგ დაიწყო, როდესაც იქ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ და პროკურატურის ჭიშკარზე ბოქლომის ჩამოკიდება სცადეს. მათი თქმით, ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია და მალე ოქრუაშვილს ამ სტატუსს საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიანიჭებენ.
როგორც „ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა აქციაზე განაცხადა, ივანიშვილი ცდილობს, რომ საზოგადოება დააშინოს, რათა მის წინააღმდეგ ბრძოლა ვერავინ გაბედოს.
„ეს პოლიტიკური რეპრესიებია. ივანიშვილი გრძნობს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მისი ძალაუფლების წინააღმდეგაა განწყობილი. ცდილობს, ასეთი დაჭერებით დააშინოს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, რომ ვერავინ გაბედოს მის წინააღმდეგ ბრძოლა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიქტატურის ნიშნებია.
„დიქტატურის ნიშნებია ქვეყანაში. ერთი ადამიანის ნებაზე ქვეყნის საშიანაო და საგარეო პოლიტიკა და პრობლემა იმაშია, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია,“ - განაცხადა სანიკიძემ.
სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა ჭიშკარს ბოქლომი მაინც დაადეს. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. ბოქლომების ომში მომავალშიც გაგრძელდება და ეცდებიან, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას, ხოლო პროტესტი იქნება მშვიდობიანი. გენერალურ პროკურატურასთან ბოქლომის დადება საპროტესტო კამპანიის ნაწილია, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ნოემბერს დააანონსეს.