რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის სლავიანკის დასახლებაში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად რუსი ვიცე-პოლკოვნიკი დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიასაშუალებების, "Фонтанка"-სა და Baza-ს ცნობით, ინციდენტი 27 აგვისტოს დილით, მაგისტრალზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილში სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაღუპული ოფიცრის ვინაობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ სახელდება.
გამოცემა "Агентство" აღნიშნავს, რომ შემთხვევა იმ მიკრორაიონში მოხდა, სადაც საცხოვრებელ კომპლექსებს სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშენებენ.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო პირებსა და მაღალჩინოსნებზე თავდასხმისა და აფეთქების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მომხდარის დეტალებზე დამატებითი ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
