საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება. ფორმულას ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა გაიმართება შალვა პაპუაშვილსა და უკრაინას რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შორის.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა თქვა, საპარლამენტო დელეგაციას დღეს გამგზავრებამდე აქვს შეხვედრა, რათა განსაზღვრონ უკრაინაში შეხვედრების დღის წესრიგი.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იღებს მონაწილეობას ძირითადად, ენმ-ს გარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი გახდება შემობრუნების წერტილი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს შორის. ეს ურთიერთობები უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფურცელი გადავფურცლოთ, ამ ურთიერთობის სამარცხვინო ფურცელი და ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი", - ამბობს იოსელიანი.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელობასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაუწევს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. დელეგაციაში იქნებიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არ არის ნაციონალური მოძრაობა.