საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს.
დეპუტატები ჩინური სინოფარმით აიცრნენ. მათი თქმით, ვაქცინაცია აუცილებელი და ერთადერთი გზაა, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. გარდა ამისა, დეპუტატები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ.
"[ჩვენი მიზანია] დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, თითოეულ ადამიანთან მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენად აუცილებელი და საჭიროა ვაქცინაცია, ვაქცინის გაკეთება და ვეცადოთ, რომ დავამსხვრიოთ მითები და არასწორი ინფორმაცია, რომლებიც ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში და შიშს თესავს. ამის საწინააღმდეგოდ უნდა არსებობდეს პროგრამები, ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ამისთვის, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ პროცესს ისე აქტიურად, როგორც საჭიროა რომ მიმდინარეობდეს ამ ქვეყანაში", - თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
"პრობლემა ის არის, რომ როგორც ყველაფერში, ქართული ოცნება ასე უთავბოლოდ აკეთებს, პორცია-პორცია იზოგავს და არ ვიცით, დანარჩენი მარაგები როდის ჩამოვა. თვითონ ვაქცინაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული, ქვეყანა გაიხსნება თუ არა, კომენდანტის საათი თუ დასრულდება და სამსახურები ხალხს დაუბრუნდება თუ არა", - განაცხადა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ამ დროისთვის კი 71 570 ადამიანია აცრილი, მათგან 12 375 ორი დოზით.