ნაციონალური მოძრაობის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობას სტრატეგია აღმაშენებელიც წყვეტს.
მისი თქმით, პარტია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას ემხრობა.
"ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, სტრატეგია აღმაშენებელი იტოვებს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის.
რაც შეეხება მანდატების საკითხებს, ეს არის დროის ამბავი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე და არა კომფორტის შექმნას", - თქვა მანჯგალაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გუშინვე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და "ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება".