logo
ENG



საპატრიარქო: ბარბარეს ეკლესია წლების წინ გაარემონტეს, ეს არ ამართლებს თვითნებურ სამუშაოებს

21 ივლ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 
7balcx20ixlifhy.jpg

წმინდა ბარბარეს ეკლესიაში რესტავრაციის დროს განადგურებული საფლავების საკითხზე 20 ივლისს საპატრიარქოში ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი, დაიბარეს.

საპარტიარქოს განცხადებით, დეკანოზმა თქვა, რომ ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 17 წლის წინ დასრულდა. მისივე თქმით, გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები - ე.წ. მეტლახი. სასულიერო პირის მტკიცებით, სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ "ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს" და რომ დეკანოზს არც თავის დროზე მიუმართავს ნებართვისთვის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის. რაც, საპატრიარქოს განცხადებითვე, "აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად".

საპატრიარქო ამბობს, რომ  ამ ეტაპზე ფაქტის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს და "უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისიის მიერ განისაზღვრება კონკრეტული დრო და ქმედებები, თუ როდის და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა".

შეგახსენებთ, 19 ივლისს თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა ისან-სამგორიში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ფოტოები გაავრცელა. ტიგინაშვილის ინფორმაციით, ტაძრის რესტავრაციის დროს განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რომლებიც შესწავლილი არ იყო.

 


close დახურვა