logo
ENG



საპატრიარქოსგან უარის შემდეგ, ივანიშვილმა კონსტიტუციაში ჩანაწერის შესახებ ისაუბრა

31 აგვ 202419:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/31/bfln58fw1nux4m6.jpg

საპატრიარქოსგან საპირისპირო გზავნილების ფონზე, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით "ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა."

ქართული ოცნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, თუმცა 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე პატრიარქმა და სინოდის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უარყვეს.

ოლიგარქმა ასევე დაამატა, რომ ქართული ოცნება ასევე გეგმავს არჩევნების შემდეგ წარადგინოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მიზნად მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის გამყარებას ისახავს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, კონკორდატით უკვე ხაზგასმულია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული როლი.

"გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს", - განაცხადა ოლიგარქმა.

ბიძინა ივანიშვილის რწმუნების მიუხედავად, 29 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს პასუხი აშკარა იყო - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, შეხვედრაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი არც განხილულა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცნობილია საქართველოს პატრიარქის, ილია II-ს მოსაზრებაც, რომელიც მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააჟღერა. კერძოდ, პატრიარქი მიიჩნევს, რომ ოცნების ინიციატივა დაჩქარებულად არ უნდა იყოს განხილული.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კი ოცნების ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მოიხსენია, რომლის მიზანიც ეკლესიისა და მრევლის "გულის მოგებაა."


close დახურვა