საქართველოს ქონების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, „საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის 20 ჰექტრამდე ფართობი.
ცვლილებებს ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან ეკლესიის მოსყიდვის მცდელობად აღიქვამს. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, უარი თქვას ამ გეგმაზე. ჩხარტიშვილის თქმით, ტყის გაჩეხვა ან შეღობვა დამატებით გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიომრავალფეროვნების განადგურებას.
„ჩვენ ვართ წინააღმდეგი ნებისმიერი მხარისათვის საქართველოს ტყეების საკუთრებაში გადაცემისა, რადგანაც ის ისედაც დეგრადირებული და ფრაგმენტირებულია. შესაბამისად, მისი გაჩეხვა ან შეღობვა დამატებით გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიომრავალფეროვნების განადგურებას. ეს, ერთი მხრივ, წარმოადგენს წინაასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობას, მეორე მხრივ კი, უმძიმეს ზიანს მიაყენებს საქართველოს გარემოს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.