საპატრიარქოში განვითარებულ სკანდალურ პროცესებს ქართული ოცნების ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირებს. შეტევა საპატრიარქოზე და სახელმწიფოს შესუსტების მცდელობა - ამ დესტრუქციული ქმედებების უკან, ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიცია დგას. მეტიც, „ქართული ოცნება“ ეკლესიაში განვითარებული პროცესებისა და „გავრილოვის ღამის“ დაკავშირებას ცდილობს.
არჩილ თალაკვაძემ საპატრიარქოში განვითარებული პროცესებისა და გავრილოვის ღამის დაკავშირება სცადა. კავშირის ადრესატი უცლელია- ხელისუფლება პროცესებში ოპოზიციის ხელწერას ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის აზრი ქვეყნის პრეზიდენტმაც გაიზიარა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებები, რომელიც ეკლესიაზე შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს, ოპონენტებისთვის მიუღებელია. დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატებმა „გავრილოვის ღამე“ გაახსენეს. კანონმდებლები ამბობენ, რომ ისრების სხვაზე გადატანა ხელისუფლების ჩვეული რიტორიკაა.
რა გზავნილები აქვს „ქართულ ოცნებას“ და როგორია მათი დღის წესრიგი. ექსპერტები პარტიის მესიჯბოქს მარტივად ხსნიან - ამბობენ, რომ მთავრობა 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მათი განცხადებები ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურება.
საპატრიარქოსთან დაკავშირებული განცხადებების ფონზე, ზუსტად 5 დღის წინ არანაკლებ ხმაურიანი განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს ბრალდება 20 ივნისის „რევოლუციურ სცენარს დაუკავშირა“.