გვიან ღამემდე გაგრძელდა გუშინ საპატრიარქოში თბილისის ეპარქიის სასულიერო პირების შეხვედრა მეუფე შიოსთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მამების ნაწილი აცხადებდა, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები არ განხილულა. თუმცა ნაწილმა „ფორმულა ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ საუბარი შეეხო როგორც საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ასევე ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას. „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრა პატრიარქის თანამოსაყდრესთან მომავალ კვირასაც გაიმართება და სასულიერო პირები ამჯერად რეგიონებიდან ჩამოვლენ.
„ჩემი პოზიცია განუყოფელი არის სამღვდელოების პოზიციისგან, ჩვენი ეკლესიის პოზიცია არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული და პირდაპირი ცნება არის: არა ცილისწამება მოყვასისა შენისა წამებითა ცრუითა და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ცილისწამება არის მძიმე ცოდვა და უნდა მოვერიდოთ ამ ურთერთბრალდებებს, იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.