logo
ENG



საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის მოსკოვს დაქვემდებარებულ იერარქებს უმასპინძლეს

08 ივნ 202110:06
3 წუთის საკითხავი
 

7 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს და საქმეთა მმართველს, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონს უმასპინძლა. 

ის მოსკოვს დაქვემდებარებული იერარქია. 

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისადა ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

საპატრიარქოსვე განცხადებით, შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა.

"მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები". - აცხადებს საპატრიარქო. 

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წლის დეკემბერში მიიღო, 2019 წლის 5 იანვარს კი კონსტანტინოპოლის ეკლესიამ სტამბოლში უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ხელი მოაწერა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს. 

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობები გაწყვიტა. 


close დახურვა