თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესზე, პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძეს ბრალი გუშინ წაუყენეს. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.