logo
ENG



საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

27 მაი 202418:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/yd6jbo6jqzcz95d.jpg

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციების დაწყების პროცედურები განიხილეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 28 მაისიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს.

23 მაისს, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს. მან მიზეზად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციიდან.

კონსულტაციებში მონაწილეობისთვის საპროკურორო საბჭო მიმართავს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში, საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე საბჭოს შესაძლებელია პირადად მიმართონ გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების მსურველებმა.

კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს იწყებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს" - წერს პროკურატურა.


close დახურვა