საპროკურორო საბჭოს განცხადების თანახმად, კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეირჩა. ესენი არიან: ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე - გიორგი გაბიტაშვილი.
საბჭოს თანახმად, კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა;
- დავით ბარბაქაძე - 1 ხმა;
- ლალი ბუნტური - 0 ხმა;
- დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა;
- გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა;
- ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა;
- ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა.
საპროკურორო საბჭოს ცნობით, გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შოთაძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.