3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს - ის კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება.
თავდაპირველად, ინფორმაცია ამის შესახებ დაშავებულის მამიდამ, ეკა თირქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"სასიხარულო ამბავი გვაქვს… ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით… თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ეკა თირქია.
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, თირქიას მხედველობის ფუნქცია მას შემდეგ შემოწმდება, როცა პაციენტი გამოიღვიძებს.
3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე ალექსანდრე თირქიას თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა.