logo
ENG



სარალიძე სპექტაკლებს დგამს - კალანდიას სასამართლოზე დაპირისპირება მოხდა

23 იან 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მირზა სუბელიანის შვილს, ალექსანდრე სუბელიანს კითხავენ.

ალექსანდრე სუბელიანი არასრულწლოვანია, ამიტომ პროცესი დახურული უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესის ღიად წარმართვა თავად მოწმემ ითხოვა. ალექსანდრე სუბელიანი ბრალდებულ მიხეილ კალანდიას დეიდაშვილია. სხდომას ზაზა სარალიძეც ესწრებოდა. 

პროცესზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწმე საუბრობდა საპირფარეშოს ეპიზოდზე. ამ დროს ზაზა სარალიძე ფეხზე წამოდგა და მან მიმართა კალანდიას ადვოკატს სიტყვებით, რომ მისთვის ყველაფერი ნათელია და შემდგომ მათ გადაწყვეტილებას დაელოდებოდა. ზაზა სარალიძემ ამის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამის შემდეგ გაღიზიანდა კალანდიას მამა და გამოეკიდა ზაზა სარალიძეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

სხდომიდან გამოსული კალანდიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის პროვოკაცია.

"ხელებს რომ აბრახუნებს და სპექტაკლებს რომ დგამს, მაგის გამო", - ამბობს კალანდიას მამა და ზაზა სარალიძეს უცენზურო ლექსიკით მიმართავს. 

მედიასთან კომენტარი კალანდიას ძმამაც გააკეთა: "მკვლელებთან გარიგებაზე მიდის, იმისთვის, რომ მიხეილ კალანდია დაიჭიროს. ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, რომ გამოდი ერთი შენ გარეთო. რომელი თავმოყვარე ადამიანი მოითმენდა მაგას. 2 წელია ხმას არ ვიღებთ, გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, მაგრამ გადაგვიარეს. ყველა აგებს პასუხს, მაღალჩინოსნებიც, მოწმეებიც და საჭირო თუ გახდა მოსამართლეც“, - განაცხადა მან. 

აღსანიშნავია, რომ სარალიძეს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. პროცესი გრძელდება და კალანდიების ოჯახი სხდომას ისევ ესწრება.

 

 


close დახურვა